2017-02-21

ბეტონის დანამატების კლასიფიკაცია

ბეტონის ქიმიური დანამატები მათი ფუნქციის მიხედვით იყოფა კლასებად. არსებობს 5 ძირითადი კლასი, ესენია: ჰაერშემყვანი, წყლის შემამცირებელი, შემაყოვნებელი, დამაჩქარებელი და პლასტიფიკატორი (სუპერ პლასტიფიკატორი). სხვა დანარჩენი დანამატები მიეკუთვნება სპეციალურ კატეგორიას რომელთა ფუნქციაც სხვადასხვაგვარია. ასეთებია: კოროზიის საწინააღმდეგო დანამატი, შეკლების საწინააღმდეგო დანამატი, ბეტონის ანტიფრიზი (ყინვაგამძლე დანამატი), ბეტონის წყალუჟონადი დანამატი და სხვა. ზოგიერთი ბეტონის დანამატი რამდენიმე ფუნქციას ერთად ასრულებს. მაგალითად, სუპერ პლასტიფიკატორი ამცირებს ბეტონში წყალ-ცემენტის ფარდობას, ზრდის ბეტონის პლასტიკურობას და სიმტკიცეს. ასევე ბეტონის ანტიფრიზი ყინვამედეგობის გარდა აჩქარებს ბეტონის გამაგრებას და ხელს უწყობს ბეტონს მიიღოს ადრეული სიმტკიცე.

წყლის შემამცირებელი დანამატი, ამცირებს წყლის მოთხოვნილებას ბეტონის ნარევში 5...10%-ით, რის შედეგადაც მცირდება წყალ-ცემენტის ფარდობა და შესაძლებელი ხდება მივიღოთ უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონი, ცემენტის რაოდენობის გაზრდის გარეშე.

შემაყოვნებელი დანამატის ფუნქციაა დააყოვნოს ბეტონის გამაგრება, დაიცვას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან, რაც უარყოფითად მოქმედებს ბეტონზე. ძლიერი სიცხის დროს ბეტონი ნაადრევად მაგრდება და რთულდება მისი გამოყენება მუშაობის პროცესში. შემაყოვნებელი ანელებს ბეტონის გამაგრებას და ხდის ბეტონს ქმედითუნარიანს.
დამაჩქარებელი დანამატი, შემაყოვნებლისგან განსხვავებით, ხელს უწყობს ბეტონს ადრეული სიმტკიცის განვითარებაში. ძირითადად გამოიყენებენ დაბალი ტემპერატურების დროს.

სუპერ პლასტიფიკატორი ასევე ცნობილი როგორც მაღალი დიაპაზონის წყლის შემამცირებელი დანამატი, ამცირებს წყლის რაოდენობას ბეტონში 40%-მდე, ხდის ბეტონს პლასტიკურს და ქმედითუნარიანს.

ჰაერშემყვანი დანამატი ძირითადად გამოიყენება ძლიერი ყინვების დროს, ჰაერშეყვანილ ბეტონში ერთ კუბზე ბილიონობით მიკროსკოპული ზომის ჰაერის უჯრედები იქმნება, რაც უზრუნველყოფს სივრცეს გაყინული წყლის გაფართოებისთვის.